მსოფლიო ბანკის ჯგუფის (WBG) აღმასრულებელი დირექტორი და ბანკის წარმომადგენელი საქართელოში ფრენკ ჰემსკერკი პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილშს შეხვდა. შეხვედრას ასევე, WBG-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. კვირიკაშვილმა დირექტორთა საბჭოს დელეგაციის პირველი ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მათ ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"საქართველო მე-9 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებია, რეგიონში კი, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ლიდერია. მსოფლიო ბანკი მზადაა მომავალშიც დაუჭიროს მხარი საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების წარმატებით განხორციელებას", - განაცხადა ფრენკ ჰემსკერკმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაზე, ინსტიტუციურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობის, ეფექტური მმართველობის, ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შექმნის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე; მოქნილ საგადასახადო სისტემასა და კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე. საუბარი შეეხო განათლების, კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგია, რომელიც ახლა მუშავდება, საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასთან სრულ თანხვედრაში იქნება.

მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და სტრატეგიული მხარდამჭერია. 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, საქართველოში ბანკის 100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 4.3 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. 

ეს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა ოფიციალური დელეგაციის პირველი ვიზიტია საქართველოში. 

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი