რამდენიმე ფორმალური პროცედურის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ბანკში შემავალი ფინანსური ინსტიტუტები გაზრდიან საქართველოს დაფინანსების პორტფელს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორებთან შეხვედრის შემდეგ. 

მისი თქმით, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციის ვიზიტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. 

„მსოფლიო ბანკი გახლავთ ჩვენი მთავარი პარტნიორი იმ რეფორმათა პაკეტის იმპლემენტაციაში, რომელსაც ვგეგმავთ. ზაფხულში რამდენიმე ფორმალური პროცედურის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ბანკში შემავალი ფინანსური ინსტიტუტები გაზრდიან ფინანსურ პორტფელს და ჩვენ საშუალება გვექნება საქართველოში განვახორციელოთ მეტი პროექტი, განსაკუთრებით, კერძო სექტორში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ მეტი ეკონომიკური ზრდა. საუბარია ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ეს ზრდა აისახოს თითოეული ოჯახის ცხოვრებაზე და მსოფლიო ბანკის პროექტები სწორედ ამაში დაგვეხმარება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. 

„მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოში წარმოვადგენ კანადას, ირლანდიას და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს. დელეგაციის ვიზიტის მიზანია, გავეცნოთ საქართველოში არსებულ ვითარებას. ჩვენ გვექნება საუბარი მთავრობასთან, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ბენეფიციარებთან. განვიხილავთ მსოფლიო ბანკისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს. მსოფლიო ბანკი მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის და ჩვენ ერთობლივად განვიხილავთ სამომავლო სტრატეგიასა და პრიორიტეტებს. დღეს, გვქონდა ძალიან საინტერესო განხილვა ფინანსთა მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან, რომელიც არის მსოფლიო ბანკში მმართველი საქართველოს მხრიდან. მისგან მოვისმინეთ ინფორმაცია სამომავლო გეგმების შესახებ. ასევე, გვქონდა საუბარი მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. მოუთმენლად ველით იმ განხილვებს, რომელიც უახლოესი დღეების მანძილზე შედგება,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტინ ჰოგანმა. 

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს დელეგაცია თბილისში გუშინ ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ეს მათი პირველი ვიზიტია საქართველოში. აღნიშნული ვიზიტი მსოფლიო ბანკის მხრიდან ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. ვიზიტის მიზანია, საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული, ასევე სამომავლო პროექტებისა და ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე რეფორმების გაცნობა.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი