2018 წლის პირველ კვარტალში გაუმჯობესდა საკრედიტო აქტივობა. მარტში საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსისა და ერთერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბანკად გარდაქმნის ეფექტების გამორიცხვით, 18.6% შეადგინა. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საკრედიტო პორტფელის ზრდა, მნიშვნელოვანწილად, კვლავ ფიზიკურ პირებზე გაცემულმა სესხებმა განაპირობა, თუმცა ასევე გაიზარდა იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიც. მარტში, დეკემბერთან შედარებით, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ზრდა 1.7 პპ-ით მაღალი იყო და 23.9% შეადგინა. იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებმა იგივე პერიოდში 2.5 პპ- ით მოიმატა და 13.2% შეადგინა. 
ბიზნეს სესხების ზრდა სექტორულ ჭრილში დიდწილად მშენებლობის, ტრანსპორტის, გადამამუშავებელი სექტორებისა და ენერგეტიკის სექტორების დაკრედიტებით იყო განპირობებული, ხოლო ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის ზრდა უმნიშვნელო იყო. 

„საკრედიტო პირობების კვლევის მიხედვით, მომდევნო კვარტალში საბანკო სექტორის წარმომადგენლების მოლოდინები ბიზნეს პორტფელის ზრდასთან დაკავშირებით პოზიტიურია. მოთხოვნის ზრდა მოსალოდნელია როგორც კორპორატიულ, ისე მცირე და საშუალო ბიზნეს სესხებზე. ხოლო საცალო სესხებზე მოთხოვნის ოდნავ შემცირებას ელიან, რაც ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს უკავშირდება. ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტების წახალისებისა და მხარდაჭერის მიზნით, 2017 წელს ეროვნულმა ბანკმა გაზარდა კაპიტალის მოთხოვნები დაბალი საკრედიტო სტანდარტების მქონე სესხებისათვის. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ევროდირექტივების მოთხოვნების შესაბამისად, ეროვნული ბანკი გააგრძელებს მომხმარებელთა დაცვის კუთხით მოთხოვნების გამკაცრებას და აღნიშნული მოთხოვნები 2019 წლის 1 იანვრიდან გავრცელდება სესხის ყველა გამცემზე“, - განმარტავენ სებ-ში. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი