ხელისუფლებას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ამ სეგმენტისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალი რეფორმის დაწყება სურს. ამის შესახებ ეკონომიკის მინიტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრას თურქეთის დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული ბანკის, საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს საბანკო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და აღნიშნული სეგმენტისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, ჩვენ კიდევ ერთი ახალი რეფორმის დაწყება გვსურს. საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი, რომელზეც დღეს ვსაუბრობდით, თავისი შინაარსით არის საგარანტიო ფონდი, რომელიც კომერციული ბანკებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული სესხების უკან დაბრუნების გარანტორად გამოდის. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთ სტიმულს მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თურქეთის საკრედიტო საგარანტიო ფონდის მიერ შემოთავაზებულ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების საგარანტიო მექანიზმებზე. 

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი