ნახევარ მილიონამდე მსესხებელს საერთოდ არ უფიქსირდება დასაქმებით, ან სხვა ფორმით მიღებული შემოსავალი, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი. ბანკის მონაცემებით კი, სწორედ ასეთი მსესხებლების 45%-ს აქვს სესხებზე ვადაგადაცილება. 

"კრიტიკულად მაღალი ვადაგადაცილებები მცირე თანხებშია, თუმცა, მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ეს ვადაგადაცილებები მსესხებლების დიდ ნაწილს ეხება.საყურადღებოა, რომ ყალიბდება ფინანსური პრობლემების მქონე მოსახლეობის მზარდი მასა, რომელსაც ეზღუდება წვდომა საბანკო ანგარიშებზე და უმცირდება ფორმალური ეკონომიკური აქტივობის მოტივაცია, რაც ნეგატიურად აისახება მოსახლეობის ამ ნაწილის კეთილდღეობასა და, საბოლოოდ, გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე.“-ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სათანადო ზომების დროულად მიღების გარეშე, უკვე ფინანსურ სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს. 

"მნიშვნელოვანია ადეკვატური ღონისძიებების სწრაფად განხორციელება, რომ არ მოხდეს ჭარბვალიანობის პრობლემების გაღრმავება და, მეორე მხრივ, აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ რეგულაციების რადიკალურად გამკაცრებამ შესაძლოა, გამოიწვიოს დაკრედიტების ჩრდილოვან ფინანსურ სექტორში გადანაცვლება. 

აღნიშნულის გათვალისწინებით, მარეგულირებელი ღონისძიებების განხორციელება სწრაფად, თუმცა თანმიმდევრულად“, - ნათქვამია ანგარიშში. ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ რეგულაციამ, შესაძლოა მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდა შეამციროს (მშპ-ს 0,6%-ის ოდენობით), თუმცა გრძელვადიან პერიოდში მისი შედეგები ცალსახად პოზიტიური იქნება.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი