საფინანსო სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ახალი წესები 14 მაისიდან ამოქმედდება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გამკაცრდა მომხმარებლის ინფორმირების მოთხოვნები სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტების შეთავაზებისას.

ფინანსური ორგანიზაცია ვალდებული იქნება მომხმარებლისთვის სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტის პირადი შეთავაზებებისას მას მიაწოდოს ინფორმაცია შეთავაზებული პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ.

მოთხოვნა ვრცელდება, ინტერნეტ-ბანკის, გადახდის თვითმომსახურების ჯიხურების და ბანკომატების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების შემთხვევაშიც. და ა.შ. მაგალითისათვის, თუ თქვენ მიიღეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება იმის შესახებ, რომ თქვენ დაგიმტკიცდათ სესხი, სავალდებულოა, რომ შეტყობინებაში ასევე იყოს მითითებული ამ შეთავაზების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ცვლილებამდე მოქმედი რედაქციით, ამგვარი ვალდებულება ფინანსურ ორგანიზაციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდათ, თუ შეთავაზებაში პროდუქტის ფასის განმსაზღვრელ ნებისმიერ პარამეტრს მიუთითებდნენ.

ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრა ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის დისტანციური კომუნიკაციის საშუალებებით ხელშეკრულებების დადების წესი, რაც, მათ შორის, გულისხმობს მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და შეთავაზების პირობების წინასწარ მიწოდებასა და ამ ინფორმაციის შემდგომ ხელმისაწვდომობას, ასევე მომხმარებელთან ზეპირი კომუნიკაციის სტანდარტებს. 

გარდა ამისა, განისაზღვრა ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულება უზრუნველყოს სესხების გამჭვირვალედ ამორტიზაცია, რაც გულისხმობს დარიცხული პროცენტის დაანგარიშებისას ყოველდღიური დარიცხვის პრინციპის გამოყენებას. ასევე, დაზუსტდა ხელშეკრულების ფორმების ნიმუშები.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი