ჩინეთი უარს ამბობს მსოფლიოს ნაგვის გადამუშავებაზე

ჩინეთმა კიდევ ერთი პრობლემა შექმნა გლობალური გადამუშავების ინდუსტრიაში.

ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ ის აგრძელებს გასული წლის აკრძალვას ისეთი ნივთების იმპორტის შესახებ, როგორიცაა დასახარისხებელი ქაღალდი და პლასტმასი, ასევე ათეულობით გადასამუშავებელი მასალების სახეობები, მათ შორის ფოლადის ნარჩენები, გამოყენებული ავტონაწილები და ძველი გემები.

ათწლეულების მანძილზე, სხვა ქვეყნები აგზავნიდნენ ჯართითა და ნარჩენებით სავსე კონტეინერებს ჩინეთში გადამუშავებისთვის. მაგრამ პეკინმა შარშან გადამამუშავებელი მრეწველობის გაოცება გამოიწვია 24 სახის მყარი ნარჩენების იმპორტის აკრძალვით.

ახლა, ის კიდევ 32 სახეობას ამატებს სიას - ნახევარს წლის ბოლოს და მეორე ნახევარს კი - 2019 წლის ბოლოს.

ჩინეთში აკრძალვა გამოწვეულია გარემოს დაბინძურების შემცირების სურვილით, თუმცა ექსპერტების თქმით, ამან შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს.

„ახალი შეზღუდვები, ისევე, როგორც ძველი შეზღუდვები, ცუდად განხილული ზომებია, რომლებიც ზიანს მიაყენებენ გლობალურ გარემოს და ჩინეთის კონკურენტუნარიანობას“, - ამბობს ადამ მინტერი, „Junkyard Planet: Travels in the Billion Dollar Trash Trade“-ის ავტორი.

ხუთშაბათს გამოქვეყნებული ზომები ახალ თავის ტკივილს წარმოადგენს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დამოკიდებულია ჩინეთში მათი ნარჩენების გადამუშავებაზე. ისინი ჯერ კიდევ იბრძვიან იმისთვის, რომ შეცვალონ 2017 წლის აკრძალვა და წლები დასჭირდებათ საკუთარი შესაძლებლობების გაფართოებისთვის.

ნაგვის დამარხვა განადგურების ნაცვლად

შეზღუდვებმა გამოიწვია გადასამუშავებელი ნარჩენების დაგროვება განვითარებულ ქვეყნებში, რადგან არ არის შესაძლებელი მათი სადმე გაგზავნა.

ამ კვირაში, ავსტრალიის ქვინსლედნის შტატში განაცხადეს, რომ ისინი დაიწყებენ  გადასამუშავებელი ნარჩენების დამარხვას, კონტრაქტორებთან დაკავშირებული მზარდი ხარჯების გამო.

შეზღუდვებმა ასევე გამოიწვია ეკოლოგიური პრობლემები ჩინეთის შიგნით, რადგან მეწარმეებს არა აქვთ გადასამუშავებელი მასალა წარმოებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა შეიძინონ ახალი ქაღალდის მასა და პლასტმასის ფისები, რაც ზედმეტ დატვირთვას მოახდენს მათ ოპერაციებზე, ამბობს მინტერი.

აკრძალვამ შეიძება მომხმარებლებს ზიანი მიაყენოს

უახლესი ზომების გამო ჩინური მწარმოებლები ჩამოცილდნენ ლითონების იაფ წყაროებს, როგორიცაა ნიკელი.

„ეს ნაბიჯი ჩინეთში წარმოების ხარჯებს გაზრდის და მომხმარებლებს გადაეცემა“, - დაამატა მინტერმა.

ჩინეთი ყოველწლიურად მილიარდი დოლარის უცხოური ნაგვის იმპორტს ახორციელებს, ამიტომ კომპანიებს, რომლებსაც ვაჭრობის იმედი აქვთ, ახლა ახალი წესებისადმი ადაპტირება უწევთ.

აშშ-ს ჯართის უტილიზაციის ინდუსტრიის ინსტიტუტი აცხადებს, რომ ამ კვირაში გამოქვეყნებული ზომები გავლენას მოახდენს 400 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ჯართის ექსპორტზე აშშ-დან ჩინეთში.

„ჩვენ შეშფოთებას ვგრძნობთ იმ ეფექტის გამო, რომელიც აქვს ამ პოლიტიკას ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოდაზოგვის ჯართის გლობალური მიწოდების ქსელზე“, - განაცხადა ინსტიტუტის პრეზიდენტმა რობინ ვიენერმა.

ჩინეთის ფირმებმა, რომლებიც განვითარებული ქვეყნებიდან პლასტმასის ნარჩენების იმპორტს ახორციელებდნენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადამუშავების ოპერაციებში დაიწყეს ინვესტიცია, თქვა მინტერმა.

 

წყარო: CNN

დატოვე კომენტარი