ტიმ დრაპერი: 5 წელიწადში გადახდა მხოლოდ კრიპტოვალუტებით იქნება შესაძლებელი

ზოგიერთი ადამიანისთვის კრიპტოვალუტები მხოლოდ ისტორიებია, რომლებსაც ისინი ეცნობიან დილით საუზმის დროს. მაგრამ სხვებისთვის ეს არის ეკოსისტემები, რომლებიც ნელი ტემპებით ვითარდება და მალე მოიცავს მთელ მსოფლიოს. ერთ-ერთ ასეთ პიროვნებას წარმოადგენს ვენჩურული ინვესტორი, Draper Associates-ის დამფუძნებელი და სტენფორდის კურსდამთავრებული ტიმ დრაპერი.

დრაპერი არ არის საშუალო მოთამაშე, მას ინტერნეტის აფეთქება შეუძლია მხოლოდ ერთი განცხადებით: „ხუთ წელიწადში თქვენ შეხვალთ Starbucks-ში და შეეცდებით ფიატით [მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილი ვალუტით, როგორიცაა აშშ დოლარი] გადახდას, ბარისტა კი სიცილს დაიწყებს და ნიჟარებით ანგარიშსწორებას შემოგთავაზებთ“.

თავისი ურყევი მხარდაჭერის საჩვენებლად, სამშაბათს დრაპერი CNBC-ის ტელეგადაცემაზე „Fast Money“ ბიტკოინის ნიშნების ამსახველი ჰალსტუხით გამოჩნდა. იგი საუბრობდა იმის შესახებ, თუ როგორ „არ ემორჩილება ციფრული ვალუტა რომელიმე პოლიტიკური ძალის ახირებებს“, და როგორ ჩაანაცვლებს მსოფლიოს „საერთაშორისოს“ „გლობალური“.

ინტერნეტის ეპოქაზე მძლავრი მოძრაობა

იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანები მიიჩნევენ, თითქოს კრიპტოვალუტები სხვა არაფერია, თუ ფულის სწრაფი შოვნის საშუალება, დრაპერმა ისაუბრა ბლოკჩეინის ტექნოლოგიის პოზიტიურ, მაგრამ ნაკლებად ცნობილ ფუნქციებზე.

„ყველა მთავრობა იქნება ვირტუალური და ჩვენთვის კონკურენცია მოუწევს, ამიტომ იგი იძულებული იქნება კარგი მომსახურების დაბალ ფასად შემოთავაზება. ეს კი ისაა, რაც აქამდე მთავრობას არ გაუკეთებია“, - თქვა დრაპერმა.

მან ასევე ახსენა, რომ ბიტკოინი არის ერთადერთი სტაბილური კრიპტოვალუტა. მას ურჩევნია დოლარზე უარის თქმა ვირტუალური ვალუტის სასარგებლოდ: „ისინი არ აპირებენ ფიატის გამოყენებას. ხუთ წელიწადში არც ერთი ჩვენგანი არ გამოიყენებს მას. ვინაიდან ყველა ეს საინჟინრო ძალისხმევა, ყველა ღელვა, მთელი ფოკუსი ბიტკოინსა და მის გარშემო არსებულ კრიტპოვალუტებზეა. და მე ვფიქრობ, რომ ეს ის არის, რასაც ჩვენ გამოვიყენებთ ანგარიშსწორებისთვის“.

დრაპერი, რომელმაც 2014 წელს აშშ Marshals Service აუქციონზე 30 000 ბიტკოინი იყიდა, 350-500 მილიონი დოლარის მფლობელია. ის ასევე ცნობილი იმით, რომ სწორად იწინასწარმეტყველა ბიტკოინის ფასი 2014 წელს, როდესაც თქვა, რომ სამ წელიწადში ის 10 000 დოლარის ნიშნულს გასცდება. მისი პროგნოზი გამართლდა, როდესაც 2017 წლის ნოემბერში ბიტკოინმა დასახელებული ნიშნული გადალახა. როდესაც მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა იგი კიდევ ერთი პროგნოზის გაკეთებას, დრაპერმა განაცხადა, რომ 2018 წლის 12 აპრილს თავის ახალ პროგნოზს წარუდგენს მსოფლიოს.

დატოვე კომენტარი