კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისია 2012-2017 წლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზს აქვეყნებს. კომისიის განცხადებით, ანალიზი აჩვენებს, რომ 2012-1017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია.

„2017 წლის, ბოლო მონაცემის შესაბამისად, საქართველოში სულ 98 არხი მაუწყებლობს აქედან 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია. 2012 წლიდან დღემდე ამ სფეროში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება და მედია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა, კერძოდ, მაუწყებლების რაოდენობა 54–დან 98-მდე არის გაზრდილი, ხოლო ეროვნული ღია საეთერო მაუწყებლების რაოდენობა (საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩათვლით) 2012 წლიდან დღემდე 4–დან 21-მდეა გაზრდილი. კერძო ტელემაუწყებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მათი შემოსავლის ძირითად წყაროს სარეკლამო, სასპონსორო, პროდუქტის განთავსებისა და ტელეშოფინგის შემოსავლები წარმოადგენს. აღნიშნული შემოსავლების მიხედვით უნდა გამოიყოს ორი ყველაზე დიდი მედიაჰოლდინგი შპს „ტელეიმედი („ტელეკომპანია იმედი, GDS, და „მაესტრო) და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 („რუსთავი 2, კომედი, მარაო), რომლებსაც ჯამში საქართველოს სარეკლამო ბაზრის 81% უკავიათ.

2017 წელს აღნიშნულმა ორმა მედიაჰოლდინგმა არსებითად შეცვალა სარეკლამო დროის გაყიდვების სისტემა, კერძოდ, საკუთარ არხებზე სარეკლამო დროის ექსკლუზიური გაყიდვის უფლება შპს „ინტერ მედიას გადასცეს. აღნიშნულმა გარიგებამ სარეკლამო ბაზარზე სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების გადანაწილების მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია.

სარეკლამო დროის გაყიდვების სისტემურმა ცვლილებამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოდგენილი 2017 წლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემებში წარმოშვა გარკვეული უზუსტობა. კერძოდ, მას შემდეგ რაც ტელემაუწყებლებმა 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემები წარმოადგინეს და აღნიშნული მონაცემები შესწავლილ იქნა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, შემდგომი გამოქვეყნების მიზნით, დადგინდა, რომ შპს „ტელეიმედისა და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიერ წარმოდგენილ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემებში იყო შეუსაბამობა. კომისიამ კომპანიებისგან მოითხოვა მონაცემების შესწორება, რასაც დაეთანხმა შპს „ტელეიმედი, ხოლო, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მტკიცებით მონაცემები ზუსტად ასახავდა მის შემოსავლებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ საკითხის შესწავლა და აღმოჩენილი შეუსაბამობის მიზეზის მოკვლევა დაიწო, – წერია ანგარიშში.

ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოდ აქ.

წყარო: news.ge

დატოვე კომენტარი