Google-ის ყოფილმა თანამშრომლებმა შექმნეს ავტონომიური ავტომობილი სურსათის მიწოდებისთვის

Google-ის ორმა ყოფილმა ინჟინერმა შექმნა ავტომობილი, რომელიც გამიზნულია სურსათის, პიცისა და ქიმიური წმენდის მიწოდებისთვის.

Nuro-მ, მაუნტინ-ვიუში, კალიფორნიაში დაფუძნებულმა სტარტაპმა სამშაბათს წარმოადგინა ავტონომიური ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი კომერციული მიწოდებებისთვის.

წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს რამდენიმე ავტომობილის გამოშვებას. ის ასევე მუშაობს ავტომობილის სხვა ვერსიაზე, რომელიც უფრო შეესაბამება მასობრივ წარმოებას.

ავტომობილის მიმდინარე პროტოტიპი არის ჯიპის სიმაღლის, მაგრამ უფრო ვიწროა, ვიდრე ტიპიური მანქანა. ელექტრომობილი აღჭურვილია ოთხი გარე განყოფილებით - ორ-ორით თითოეული მხრიდან - ცალკე მიწოდებების შესანახად. შესაძლებელია თითოეული განყოფილების მორგება კონკრეტული გამოყენებისთვის, როგორიცაა პიცის მომზადება ან სასმელების გაგრილება. კომპანიამ ჯერ არ დაასახელა თავისი პარტნიორები, რომლებიც გეგმავენ სერვისი გამოყენებას. ავტომობილის წონა შეადგენს სტანდარტული მანქანის დაახლოებით მესამედს და განკუთვნილია ქალაქისა და გარეუბნების პირობებისთვის. კომპანია არ ითვალისწინებს მის მოძრაობას ჩქაროსნულ ავტოსტრადაზე.

კომპანიის თანადამფუძნებლები იყვნენ Google-ის თვითმმართველი ავტომობილების პროგრამის ადრეული მონაწილეები და მიატოვეს ის 2016 წლის დასაწყისში, Nuro-ს გახსნის მიზნით.

„ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ავტონომიური მართვის ტექნოლოგია ნებისმიერი რამის მიწოდებისთვის, ნებისმიერ ადგილას და დროს, ძირითადად ადგილობრივი მომსახურებისა და საქონლისთვის, - განაცხადა CNN Tech-თან საუბარში დეივ ფერგუსონმა. „მომხმარებლები არ იყვნენ წინააღმდეგი, თუ ორ კვირაში მიიღებდნენ წინასწარ გადახდილ შეკვეთას, შემდეგ დრო შემცირდა ერთ კვირამდე, ორ დღემდე, იმავე დღემდე. ახლა, ზოგიერთი მომხმარებლისთვის იმავე დღეს მიღებაც არ არის საკმარისად სწრაფი.

Nuro არ არის ერთადერთი, ვინც ქმნის რობოტებს ადგილობრივი კომერციული მიწოდებებისთვის. ადრე ამ თვეში Toyota-მ წარმოადგინა კონცეპტუალური ავტომობილი ლას-ვეგასის Consumer Electronics Show გამოფენაზე, რომლის გამოყენება შეიძლება ამანათების მიწოდებისთვის, მობილური მაღაზიისა ან თანამგზავრის სერვისისთვის. სტარტაპების მთელი რიგი, მათ შორის Starship Technologies, Marble და Dispatch - ახორციელებენ მცირე ზომის რობოტების ტესტირებას, რომლებიც განახორციელებენ მიწოდებას ტროტუარების გამოყენებით.

Nuro-ს ავტომობილი, ალბათ, გადააწყდება იურიდიულ სირთულეებს. ამჟამად სრულად ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებები სატესტო მძღოლის გარეშე არაა კანონიერი კალიფორნიაში, და ბევრი კომპანია ტესტირებას ატარებს იმ შტატებში, სადაც რეგულატორები უფრო კეთილგანწყობილნი არიან ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, როგორიცაა, მაგალითად, არიზონა.

Nuro ელოდება ნაკლებ პრობლემას, ვინაიდან არ გადაჰყავს მგზავრები. Nuro-ს სივიწროვე ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს ქუჩაში მოძრაობის დროს და ფეხით მოსიარულეთა გვერდის ავლისთვის. ფერგუსონის თქმით, მან შეიძლება თავი გაწიროს ფეხით მოსიარულისთვის და დაეჯახოს ხეს ან გაჩერებულ ავტომობილს.

ავტომობილი არ არის აღჭურვილი არანაირი დამატებითი ფუნქციით ფეხით მოსიარულეებთან ან საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებთან კომუნიკაციისთვის. ზოგიერთი კომპანია ამოწმებდა და დააპატენტა კიდეც ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა ციფრული ეკრანები, რომლებიც აჩვენებენ მანქანის შემდგომ მოძრაობას. ფერგუსონმა თქვა, რომ მისმა გუნდმა ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ ასეთმა მეთოდებმა შეიძება შეაშინონ ადამიანები. Nuro-ში სჯერათ, რომ უკეთესია დარწმუნდნენ, რომ ავტომობილის მოძრაობა პროგნოზირებადია, რომ ადამიანმა მძღოლებმა იცოდნენ, რას ელოდონ მისგან.

თუმცა ავტომატიზაციის ზოგადი პრობლემა უკავშირდება სამუშაო ადგილების ჩანაცვლებას, ფერგუსონმა თქვა, რომ, მისი აზრით, Nuro არ მოახდენს უარყოფით ზეგავლენას დასაქმებაზე.

„ჩვენ ვგრძნობთ, რომ ახალი ტექნოლოგიის შექმნით, რომელიც შესაძლებელს გახდის მიწოდების უზრუნველყოფას, ჩვენ შევქმნით ახალ ბაზრებს და გავაკეთებთ იმას, რაც აქამდე შეუძლებელი იყო, - თქვა ფერგუსონმა. „ეს არ არის სამუშაო ადგილების რობოტებით ჩანაცვლება, ესაა ახალი ბაზრების შექმნა. გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები დასაქმებისთვის.

დატოვე კომენტარი