ესპანეთი დაკარგავს თავისი ეკონომიკის 20%, კატალონიის გამოყოფის შემთხვევაში

image

ესპანეთი დაკარგავს თავისი ეკონომიკის 20%, კატალონიის გამოყოფის შემთხვევაში

იმუშავებს თუ არა ეს კატალონიაში?

კვირას ესპანეთის რეგიონმა საკამათო რეფერენდუმი ჩაატარა დამოუკიდებლობის შესახებ, ქვეყნისა და ევროპისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგებით.

ესპანეთის ცენტრალური მთავრობა მწვავედ ეწინააღმდეგებოდა რეფერენდუმს, პოლიცია კი არბევდა საარჩევნო უბნებს. რეგიონალურმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბიულეტენების დიდი უმეტესობა დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს, თუმცა გამოცხადება იყო ძალიან დაბალი.

ორშაბათს ევროს კურსი დაეცა 0,7% აშშ დოლართან მიმართებაში, ესპანური ათწლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა კი მოიმატა. ძირითადი საფონდო ბაზარი მადრიდში გაიხსნა 1,4% დაბალ დონეზე, ვიდრე შეამცირებდა თავის დანაკარგებს.

ხმის მიცემა მიმდინარეობს, რადგან ესპანეთი ახერხებს თითქმის ათწლიანი ეკონომიური ტრავმის დაძლევას. კატალონია კი მისი ყველაზე ეკონომიკურად პროდუქტიული რეგიონია.

დამოუკიდებლად უფრო მდიდარი?

კატალონიაზე მოდის ესპანეთის ეკონომიკის თითქმის ერთი მეხუთედი ნაწილი და ის წინ უსწრებს ყველა რეგიონს, ქვეყნის 25% ექსპორტის წარმოებით.

მას შეაქვს უფრო მეტი გადასახადების სახით (21% ქვეყნის მთლიანი თანხიდან), ვიდრე ის იღებს მთავრობისგან.

დამოუკიდებლობის მომხრეებმა ისარგებლეს დისბალანსით და ამტკიცებდნენ, რომ მადრიდში გადარიცხვების შეწყვეტა კატალონიის ბიუჯეტის დეფიციტის გადაფარვას გამოიწვევს.

კატალონიას გააჩნია ინვესტიციების მოზიდვის დადასტურებული მაჩვენებლები. უცხოური კომპანიების თითქმის მესამედი ესპანეთში თავის ბაზად ირჩევს რეგიონალურ დედაქალაქ ბარსელონას.

მაგალითად, ფოლკსვაგენსა (VLKAY)  და ნისანს (NSANF) ორივეს აქვს ქარხნები ბარსელონასთან.

დიდი რისკები

მაგრამ არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, ევროკავშირში მუდმივი წევრობის ჩათვლით.

თუ კატალონია დამოუკიდებლად წარადგენს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, ბლოკის ყველა მიმდინარე წევრს მოუწევს დათანხმება, მათ შორის, ესპანეთსაც.

„ამჟამად ჩვენ ვერ ვხედავთ პრაქტიკულ გზას კატალონიისთვის, რომ გახდეს დამოუკიდებელი ქვეყანა ევროკავშირში, როგორც ეს სურთ დამოუკიდებლობის მომხრეთა უმეტესობას“, - წერენ ბერენბერგის ბანკის ეკონომისტები თავის კვლევით შენიშვნაში.

ბლოკიდან ამოვარდნა, სავარაუდოდ, გამოიწვევს კატალონიაში წარმოებული საქონლის ექსპორტის გაძვირებას ევროკავშირის წევრებისა და სხვა ქვეყნებისთვის.

„ის შეუერთდება ქვეყნების მცირე ჩამონათვალს, რომლებიც არ არიან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი სერიოზულ სავაჭრო ბარიერებს შეეჯახებიან“, - თქვა სტივენ ბრაუნმა, Capital Economics-ის ეკონომისტამა.

ბრაუნმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი კატალონიაში გამოიწვევს იმპორტულ საქონელზე ფასების ზრდასა და სამუშაო ადგილების შემცირებას.

დამოუკიდებლობამ ასევე შეიძლება ის უფრო ძვირადღირებული გახადოს რეგიონის ხელისუფლებისთვის სესხების მხრივ. სარეიტინგო სააგენტოებმა Moodys და S&P ორივემ 2016 წელს შეამცირეს კატალონიის დავალიანების რეიტინგი.

რეგიონი შეძლებდა ევროს გამოყენების გაგრძელებას თავისი ვალუტის სახით, მაგრამ არ ექნებოდა ადგილი ევროპის ცენტრალურ ბანკში.

და რაც შეეხება ესპანეთს?

ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ აკრძალა რეფერენდუმი და არაკონსტიტუციური უწოდა. მაგრამ სეპარატისტული რეგიონული ხელისუფლება მაინც დაჟინებით ითხოვდა მის ჩატარებას.

გამოყოფა ესპანეთის ფინანსებს დიდ ზიანს მოუტანდა და მკვეთრად გაზრდიდა გაურკვევლობას.

თუ კატალონია ცალმხრივად გამოაცხადებს დამოუკიდებლობას, ის ასევე უარყოფს თავის წილს ეროვნულ ვალში.

"მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ მოხდა რაიმე სერიოზული გავლენა ესპანეთის ეკონომიკაზე, სავარაუდოა, რომ ბიზნესისა და მომხმარებელთა მიმართ ნდობა გაუარესდება, თუ კატალონია გამოიყოფა", -  განაცხადა ბრაუნმა.

რა იქნება შემდეგ

ინვესტორებისთვის მთავარი სიტყვაა – გაურკვევლობა.

„როგორც Brexit-ის შემთხვევაში, ჩვენ გვჯერა, რომ კატალონიის გამოყოფა რეგიონს მოაქცევს გაურკვევლობის ხანგრძლივ პერიოდში, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს კერძო სექტორზე“, - დაწერა ING ეკონომისტმა ჯეფრი მინემ თავის საკვლევ შენიშვნაში.

კეთლინ ბრუკსი, City Index-ის კვლევის დირექტორმა განაცხადა, რომ რეფერენდუმში სეპარატისტების გამარჯვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ევროს კურსის დაცემა მთელი 5%-ით.

ევროპული ვალუტის კურსი შემცირდა 0,3%-ით აშშ დოლართან მიმართებაში აზიის დილის ვაჭრობაზე ორშაბათს.

ექსპერტების თანახმად, გადამწყვეტი „დიახ“ დიდი ალბათობით არ გამოიწვევს მადრიდის ან ევროკავშირის მხრიდან კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარებას.

„ამის ნაცვლად კატალონიის მთავრობა შეეცდება გამოიყენოს რეფერენდუმის დადებითი შედეგი თავის სასარგებლოდ ესპანეთთან მომავალი მოლაპარაკებების დროს“, - თქვა ლორენს ალანმა IHS Markit-დან.

ანგარიში მომზადებულია ჯეტრო მალენის მიერ.

დატოვე კომენტარი