ეროვნული ბანკი მომხარებელს სამოქალაქო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს ახსენებს

image

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელს სამოქალაქო კოდექსში 2017 წელს განხორციელებულ ცვლილებებს ახსენებს. „საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს 2017 წლის იანვარში სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის და ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის მაქსიმალურ ოდენობას განსაზღვრავენ (იხ. ბმული). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 2017 წლის 15 იანვარს ამოქმედებული ცვლილების თანახმად შეიზღუდა სესხისთვის განსაზღვრული მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთისა და ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისთვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობები. კანონმდებლობის მიხედვით, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს (ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშებისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ კალკულატორით), ხოლო თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს. აღნიშნული ცვლილებები ეხება ნებისმიერ გამსესხებელს, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს. დამატებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოცემული კანონის მოთხოვნების უკეთ გაცნობიერებისთვის შეიმუშავა შესაბამისი განმარტებები (იხ. ბმული) ამავე კანონის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილში შესული ცვლილების შესაბამისად ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე მოცულობის სესხის გაცემა ნებისმიერი სესხის გამცემი პირის მიერ მხოლოდ ლარში უნდა განხორციელდეს. ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ დადგენილი მოთხოვნების დარღვევით დადებული ხელშეკრულებები, მხარეთა შორის დავის შემთხვევაში, შესაძლოა ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი გახდეს, რასთან დაკავშირებითაც დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, მოუწოდებს ორგანიზაციებს დაიცვან კანონის მოთხოვნები, მეორე მხრივ კი, მიმართავს მომხმარებლებს, გონივრულად მართონ საკუთარი ფინანსები და სესხების აღებამდე დეტალურად გაეცნონ ხელშეკრულების პირობებს, მათ შორის, გადაამოწმონ რამდენად შეესაბამება სესხის გაცემა არსებულ კანონმდებლობას“,- აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.


მომწოდებელი news.ge

დატოვე კომენტარი