ტვირთების და გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევა

image

ტვირთების გადაზიდვა ყოველთვის რისკებთან არის დაკავშირებული, შეიძლება დაზიანდეს, მოიპარონ ან განადგურდეს. ტვირთის გადამზიდავი კომპანიები იღებენ პასუხისმგებლობას დანიშნულების ადგილამდე მიიტანონ ის უვნებლად და დაცულად. თუმცა გადაზიდვების დროს ტვირთი ზოგჯერ ზიანდება, ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები, სტიქიური უბედურება და ა.შ. ტვირთების გადაზიდვისას დანიშნულების ადგილამდე მათი დაცულად და უსაფრთხოდ მიტანის მოთხოვნებიდან გამომდინარე მუშაობს დაზღვევის ორი ტიპი - ტვირთების დაზღვევა და გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევა. 
უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე გლობალური ეკონომიკის პირობებში მსოფლიოს მასშტაბით ტვირთბრუნვა ძალიან დიდია, შესაბამისად საჭიროა უსაფრთხოების ზომების მეტად დაცვა, ამიტომ გადასაზიდი ტვირთების დაზღვევაც ძალიან მოთხოვნადია. ყელაზე მეტად ტვირთების დაზღვევა ეხება იმპორტიორებს, რომლებსაც ტვირთის დაზღვევას ხშირ შემთხვევაში ავალდებულებს უცხოელ მომწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულება. შიდა გზებზე ძირითადად ძვირფას საქონელს აზღვევენ, როგორიცაა მაგალითად: საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საკვები პროდუქტები, ალკოჰოლი და კოსმეტიკა. დამზღვევებად ძირითადად გვევლინებიან მსხვილი მწარმოებლები. 
დაზღვევის მეორე მიმართულება - გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვა, ითვალისწინებს ყველა სახის დანაკარგის კომპენსაციას, რომელიც მიადგება ტვირთის მეპატრონეს გადამზიდავის მიზეზით. ამ შემთხვევაში, კომპანია, რომელსაც ეკუთვნის საქონელი, მიიღებს კუთვნილ თანხას, რომელსაც დაფარავს სადაზღვევო კომპანია. არის შემთხვევები, როცა დაზარალებული ვერ იღებს დანაკარგის სრულ კომპენსაციას, რაც დამოკიდებულია სადაზღვევო პირობებზე. თუმცა, გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევა არ არის პანაცეა. ტვირთის მეპატრონეები ხშირად ფიქრობენ, რომ საკმარისია გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევის გაფორმება და ზიანის შემთხვევაში კომპენსაციას მიიღებენ სრულად, ნებისმიერ შემთხვევაში. სინამდვილეში, როცა ხდება უბედური შემთხვევა, ტვირთის დაზიანება, დაკარგვა, განადგურება - სატრანსპორტო კომპანიები ზარალს ანაზღაურებენ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ საკითხში მათი ბრალეულობა დამტკიცდება. სადაზღვევო პოლისის ქონა არ არის გარანტია ტვირთის მეპატრონისთვის, რომ მიყენებული ზიანის საფასურს სრულად მიიღებს: სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს იმდენს, რამდენიც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის ლიმიტით. ხოლო რაც შეეხება სტიქიური უბედურებით გამოწვეულ ზარალს - ასეთს სადაზღვეო კომპანია საერთოდ არ ფარავს. 

ამიტომ, თუ ტვირთის მფლობელის წინაშე დადგება საკითხი: ტვირთი დააზღვიოს თუ გადამზიდავის პასუხისმგებლობის იმედად იყოს, მან უნდა აირჩიოს მისი ტვირთის დამცავი უფრო მყარი მექანიზმი და ეს არის - ტვირთის დაზღვევა.

დატოვე კომენტარი