როგორ მდიდრდებოდნენ მომხმარებელთა ხარჯზე ქართული პორტალები – adjara.com და სხვ.

image


ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ქართული ვებგვერდი, მათ შორის ერთ-ერთი უმსხვილესი პორტალი – adjara.com და ა.შ მომხმარებლის (ნებისმიერი ვინც ამ ვებგვერდს ესტუმრებოდა) კომპიუტერებს და მათ სიმძლავრეებს კრიპტოვალუტის (ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვ.) გამომუშავებისთვის, ფარულად, მომხმარებლის თანხმობის გარეშე იყენებდა.

კრიპტოვალუტის მოპოვების პროცესს „მაინინგი“ ეწოდება, ის კომპიუტერის მიერ სპეციალური მათემატიკური „ამოცანების“, „დავალებებისა“ და ალგორითმების ამოხსნას გულისხმობს. ამისთვის არსებობს სპეციალიზირებული კომპიუტერები: Ant-Miner-ები, GPU-ები და ა.შ, რომლებსაც ყველა სახის წვრილი თუ მსხვილი მომპოვებლები იყენებენ.
როგორც ამ დარგის ექსპერტები აღნიშნავენ, ქართული საიტები კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად JavaScript Crypto Miner-ებს იყენებდნენ. ანუ, თუ თქვენ შეხვიდოდით კონკრეტულ ვებგვერდზე, მაგალითად Adjaranet.com-ზე, ის თქვენს დაუკითხავად,  თქვენსავე კომპიუტერს და მის სიმძლავრეს მაქსიმალურ დატვირთვაზე გამოიყენებდა კრიპტოვალუტის გამოსამუშავებლად, შედეგად ვებგვერდი, რომელზეც იმყოფებოდით იღებდა შემოსავალს. (მიმდინარე ეტაპზე მსგავსი კოდი ხსენებულ პორტალებზე არ ფიქსირდება).


Crypto Miner-ის კოდი net.adjara.com-ზე.


ზიანდება თუ არა პერსონალური კომპიუტერები მაშინ, როდესაც მათ „მაინინგისთვის“ იყენებენ და ირღვევა თუ არა ჩვენი უფლებები? 

როდესაც საყოფაცხოვრებო ანუ ჩვეულებრივი კომპიუტერი „მაინინგის“ რეჟიმში მუშაობს ხდება Hardware-ის (ფიზიკური ნაწილების) ცვეთა და ნაადრევი გაფუჭება, მათ შორის ძვირადღირებული ნაწილების მაგალითად ვიდეოდაფის, ე.წ „ვიდეოკარტის“ (GPU).

ამასთან მთავარი გამოწვევა არა Hardware-ის ცვეთა, არამედ პირდაპირი ელექტროენერგიის მოხმარებაა. იმის გამო, რომ „მაინინგის“ დროს კომპიუტერი მაღალი დატვირთვით მუშაობს, ის ჩვეულებრივზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, რა დროსაც ხდება მისი ძირითადი  ნაწილების დაჩქარებული ცვეთა და მოსპობა, ანუ ქართული საიტების მიერ ჩვენი კომპიუტერების „მაინინგისთვის“ გამოყენება პირდაპირ ზრდის ელექტროენერგიისა და დასუფთავების ხარჯებს, რომ არაფერი ვთქვათ დაზიანებული კომპიუტერის შეკეთებისა და ახალი ნაწილების შესყიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებზე. 

იმის გათვალისწინებით, რომ ეს პორტალები მომხამარებელთა სიმძლავრეებსა და  ელექტროენერგიას უკანონოდ იყენებდნენ, მათი ხარჯი ამა თუ იმ კრიპტოვალუტის გამომუშავებისათვის ნულის ტოლია. ამასთან, თუ გვეცოდინება თვის განმავლობაში ამ პორტალების უნიკალური მომხამრებელთა რიცხვი და ვებგვერდზე ყოფნის საშუალო დრო, შეგვეძლება დავიანგარიშოთ თუ რა უკანონო შემოსავალი შესაძლოა მიეღოთ ამ პორტალებსა და მათ მფლობელებს თვის განმავლობაში.

ცნობილია, რომ Adjara holding-ის პორტალებს ოქტომბრის თვეში 3 217 932 უნიკალური მომხამრებელი ესტუმრა. საშუალოდ, საყოფაცხოვრებო კომპიუტერი თვეში 24 საათიანი მუშაობის რეჟიმში JavaScript Crypto Miner-ის გამოყენებით დაახლოებით 50H/s-ს გამოიმუშავებს, რაც დღევანდელი კურსით თვეში 3,03 აშშ დოლარია (საუბარია კრიპტოვალუტა Monero-ზე).




თუ პორტალზე ვიგულისხმებთ მომხმარებელთა დღიურ 6 საათიან აქტიურობას, რაც უხეში დაანგარიშებით, JavaScript Crypto Miner-ის „მაინიგის“ რეჟიმით პროპორციულად თვეში 0,7575 ცენტია და გადავამრავლებთ Adjara holding-ის უნიკალურ მომხმარებელთა რაოდენობაზე (3 217 932), მივიღებთ 2 499 750 აშშ დოლარს. (6სთ (0,7575ცენტი) x 3 217 932 (მომხამრებელთა რაოდენობა) = 2 499 750 აშშ დოლარი) ანუ, გამოდის რომ, კონკრეტულმა კომპანიამ ეს თანხა გამოიმუშავა სხვის ხარჯზე ისე, რომ თავად არანაირი ხარჯი (ელექტროენერგიის გადასახადის სახით) არ გაუღია.

აქვე აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინტერნეტ პორტალები, რომლებიც აბსოლუტურად უკანონო გზებით ახორციელებდნენ ჩვენი მოწყობილობების სიმძლავრეების მათი ინტერესებისთვის და ისედაც მაღალი შემოსავლის ასეთი გზებით კიდევ უფრო გაზრდას, გაუკრვეველია, რამდენად დაცული იყო ჩვენი პირადი მონაცემები (პირადი საკრედიტო და სადებეტო ბარათები, ანგარიშების მართვა, პირადი ვიდეოები სურათები და ა.შ) ამ ვებგვერდებზე სტუმრობისას. ხშირია შემთხვევები, როდესაც არაკეთილსინდისიერი კომპანიები უკანონოდ მოპოვებულ ინფორმაციას სათავისოდ იყენებენ.  

მსგავსი შემთხვევები და პასუხისმგებლობა


აღსანიშნავია, რომ პერსონალური კომპიუტერების უკანონოდ (მინიმუმ არაეთიკურად) გამოყენების „ორიგინალური“ იდეა ქართულ ვებგვერდებს არ ეკუთვნით. ამერიკული გამოცემა GIZMODO-ს ინფორმაციით, პოპულარული ამერიკული სატელევიზიო ქსელის SHOWTIME-ის რამდენიმე ვებგვერდი, მომხმარებლების უფლების გარეშე იყენებდა მათ პერსონალურ კომპიუტერებს კრიპტოვალუტების „მაინინგისთვის“. მსგავს სკანდალში გაეხვა ცნობილი ვებგვერდი ThePirateBay-ი რომელმაც ასევე გამოიყენა „ფარული მაინინგი“ და საბოლოოდ FBI-ისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ღონისძიებების შედეგად დაიბლოკა.

სანამ „მაინინგი“ ვებგვერდების შემოსვლის ლეგალურ წყაროდ იქცევა, შესაძლებელია მისგან თავის დაცვა. თუ თქვენ Google Chrome-ს იყენებთ, არსებობს რამდენიმე გაფართოება (extension), რომლებიც ვებგვერდებს არ მისცემს საშუალებას გამოიყენოს თქვენი პერსონალური კომპიუტერი კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად. ესენია: Chrome minerBlock და No Coin.

ქართული ვებგვერდების შემთხვევაში, „ფარული მაინინგის“ გამოყენების მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამის შესახებ მომხმარებელი გაფრთხილებული არ იყო. გარდა ამისა, დასახელებულ ქართულ ვებგვერდებს შორის არის ისეთებიც, რომელიც მომხმარებელს იზიდავს ისეთი პროდუქციით, რომლის გამოყენების უფლება არ აქვს (არალიცენზირებული ფილმები).

არსებული კანონი

ზემოაღნიშნული და მსგავსი შემთხვევები რეგულირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე, 285-ე და 286-ე მუხლებით და გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობაც.

მაგალითად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის თანახმად, კომპიუტერული სისტემა არის ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი).  ხოლო უნებართვო გულისხმობს უკანონოს, აგრეთვე იმ შემთხვევას, როდესაც უფლების მფლობელს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუცია უფლება ქმედების ჩამდენი პირისათვის.

აქვე აღსანიშნაია, ამავე მუხლის თანახმად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, ხოლო იგივე ქმედება „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ“, “სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“, და „არაერთგზის“ ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ამასთან, ამავე კანონის 285-ე მუხლის თანახმად, კომპიუტერული პროგრამის ან/და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა ამ თავითა და ამ კოდექსის 158-ე ან 159-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზნით – იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

თუ გაიკრვა, რომ აღნიშნულმა კომპანიებმა საკუთარი მომხმარებლების კომპიუტერების უკანონო გამოყენების პარალელურად, იგივე კომპიუტერებიდან პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაციაც მოიპოვეს, ამ ქმედებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლი არეგულირებს, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორიდან ოთხ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. ხოლო თუ აღნიშნულმა კომპანიებმა მოპოვებული პირადი ინფორმაცია სათავისოდ გამოიყენეს, მაშინ აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

გავრცელებული ინფორმაციით, „ფარული მაინინგი“ შემდეგ ქართულ ვებგვერდებზე დაფიქსირდა: adjaranet.com; translate.ge.

ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა Ambebi.ge-მ, სადაც საინფორმაციო პორტალ On.ge-ს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. On.ge-მ მანამდე თბილისის ფორუმზე გავრცელებულ ფოტოზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ფარული მაინინგი“ ambebi.ge-ს ვებგვერდზეც მიმდინარეობდა, რასაც ეს უკანასკნელი უარყოფს.




მომწოდებელი news.ge

დატოვე კომენტარი